
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით, პოლონეთში იმყოფება. თედო ჯაფარიძე ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმში - „ნატო მშვიდობის დაცვისთვის“ (NATO in Defence of Peace), კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ნატოს სამიტის პარალელურად იმართება.
ვარშავის კონფერენცია პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (PISM) მიერაა ორგანიზებული და მასში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი ასევე, პოლონეთის, ხორვატიის, ლატვიის, საქართველოს, ავღანეთის პრეზიდენტები და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნატოს სამომავლო პერსპექტივები, ნატოს როლი სტაბილურობის შენარჩუნებისათვის და რუსეთთან ურთიერთობები.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.