
პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე ვრცლად ესაუბრა.
როგორც გედევან ფოფხაძემ განაცხადა, გასვლის თაობაზე პარასკევს უკვე ოფიციალური განცხადებით მიმართა როგორც პოლიტიკურ მოძრაობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს და ფრაქციას - „ქართული ოცნება“.
„ეს ბრიფინგი მინდოდა მიმეძღვნა იმ მიზეზებისთვის, რამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება. ჩემი კრიტიკული პოზიცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“, არაერთხელ დამიფიქსირებია. აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა კი ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მისი თქმით, მოხდა დაშორება არსებითად იდეოლოგიის, ღირებულებების დონეზე, კონკრეტული საკითხების გაზიარება-არგაზიარების საკითხში.
გედევან ფოფხაძის თქმით, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია საჯაროობა. „ხალხმა უნდა იცოდეს როგორც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ასევე სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ და როდესაც განსხვავებული აზრი არსებობს, ხალხმა ამის შესახებაც უნდა გაიგოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„მსურს ჩემს კოლეგებს, რომლებიც რჩებიან „ქართულ ოცნებაში“ წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ის წლები რაც მათთან ერთად გავატარე, არის მაინც წინაპირობა ძალიან ბევრთან მეგობრობის. ძალიან ბევრი არ მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს საჯაროდ მტრობას ვუცხადებ. მე უბრალოდ მინდა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს, ამისთვის მჭირდება დამოუკიდებლობის და თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც მე დღეს მივიღე და მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოებასთან, მედიასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკურ პროცესს მივცემთ ისეთ ფორმას, რომელიც ამ ქვეყნის სწორი განვითარების წინაპირობა იქნება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.