საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრების, სერგო რატიანისა და ნუგზარ წიკლაურის ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 18 თებერვალი 2016
საქართველოს პარლამენტის წევრების, სერგო რატიანისა და ნუგზარ წიკლაურის ბრიფინგი

საპარლამენტო უმცირესობა მიკაელ კადიევის საქმეს გამოეხმაურა, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა 2013 წელს, იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. 

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება კადიევის რუსეთისთვის გადაცემას გადაწყვეტს, ამას აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო პროტესტი. „მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, თუ ის გადაწყვეტს ოკუპანტი ქვეყნისთვის კადიევის გადაცემას და სიკვდილისთვის გაწირავს, ამას აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო პროტესტი, რომლის ორგანიზატორი, ქართველ ხალხთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც იქნება“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, კადიევი წლების განმავლობაში ამხელდა რუსეთის ძალოვნების აღვირახსნილ თვითნებობებს დაღესტანში. „სწორედ ამიტომ მიკაელ კადიევი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაღესტანი და საქართველოსთვის შეეფარებინა თავი. მისივე თქმით, კადიევი დღეს საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსს ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. საქართველოს მთავრობა კადიევის რუსეთში ექსტრადირებას აპირებს, რაც ეროვნული სირცხვილი იქნება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.