საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

31 იანვარი 2020
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალური მუშაკების სამსახურიდან დათხოვნის საკითხთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 40 სოციალური მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებაში დისკრიმინაციული ნიშნები იკვეთება, რადგან მათგან 35 სოციალურ მუშაკთა გაფიცვების აქტიური მონაწილე იყო, სადაც ისინი მუშაობის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

„17 იანვარს ეს ადამიანები დააჯილდოეს და მადლობები უხადეს, დღეს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, წარმოუდგენელი ვითარებაა, რომელსაც ახსნა არა აქვს. ერთადერთი, რაც იკვეთება, არის პროფკავშირული, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, ვინაიდან ბევრი მათგანი გაფიცვების აქტიური მონაწილე იყო. ვითხოვ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოსმენას ამ საკითხზე, ჯანდაცვის მინისტრმა კი შესაბამის კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცეს, დაასაბუთოს მათი გათავისუფლების მიზეზი და კრიტერიუმები. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, იგი ახალი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა მოხდეს უკონკურსოდ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ახალი კანონით სააგენტოს დამატებით 50 მუშაკი უნდა აეყვანა, მაგრამ 40 გაათავისუფლა - გამოცდილი კადრები, ის ადამიანები, ვისზეც იდგა ეს სამსახური.

ბრიფინგს ესწრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნილი სოციალური მუშაკები. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების პროფკავშირის გამგეობის წევრმა თეა მაღრაძემ განაცხადა, რომ დაპირება იყო კადრების დამატების შესახებ, პირიქით კი მოხდა მათი გათავისუფლება და გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით გაუშვეს გამოცდილი კადრები. სოციალური მუშაკები აპირებენ შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას და მიმართავენ სასამართლოს, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა.