საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 14 მარტი 2016
პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ბრიფინგი

პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, დღეს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო და ალტერნატიული წინადადება წარადგინა.

პარლამენტის წევრის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ყველა სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. დეპუტატმა განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეს კომპეტენცია ადრეც ჰქონდა და დღევანდელი ინიციატივა იგივე მექანიზმის შენარჩუნებას ითვალისწინებს. მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გამწესებისთვის კი განსხვავებულ რეჟიმს ადგენს.

ზაქარია ქუცნაშვილი: „მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ზომაზე მეტ უფლებას ვაძლევთ ბატონ მურუსიძეს და მის გუნდს იმისათვის, რომ დანიშნონ საქართველოს ყველა რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, კოლეგიების და პალატების ხელმძღვანელები.“
პარლამენტის წევრის ალტერნატიული ინიციატივა, სახელწოდებით „თანასწორი შესაძლებლობა ყველა მოსამართლეს“, მოსამართლეებისთვის თანასწორი შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს.
ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა იმ რეგულაციებზე, რომლებსაც მისი ალტერნატიული წინადადება მოიცავს. 

  • ყველა მოსამართლეს მიეცეს უფლება არა ხუთი, არამედ სამი წლის ვადით, წილისყრის გზით გამოავლინონ თავიანთი სასამართლოს ხელმძღვანელი. სამწლიანი ვადა უზრუნველყოფს ხშირ როტაციას, წილისყრის პროცედურა კი ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესების გატარების შესაძლებლობას მოსპობს.
  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თავმჯდომარე მოსამართლეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოვალეობის შემსრულებელს უვადოდ ვერ დანიშნავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს უფლება შეიზღუდება სამი თვის ვადით, წილისყრის გამართვამდე.

ზაქარია ქუცნაშვილმა ალტერატიული წინადადების სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ალტერნატიული წინადადების წარდგენისათვის, რეგლამენტის თანახმად, მას სჭიდება დამოუკიდებელი დეპუტატების, ფრაქციებისა ან კომიტეტების მხარდაჭერა. „მე ვაპირებ დღესვე დავიწყო კონსულტაციები პირველ რიგში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებთან, რომ მათ მხარი დაუჭირონ ალტერნატიულ წინადადებას, მივცეთ თანასწორი შესაძლებლობა ყველა მოსამართლეს და წავართვათ ეს ბერკეტი იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში მართლმსაჯულებას ვერ ააშენებენ.“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.