
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეას ესწრება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, ასამბლეაზე საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ანგარიშები მოისმინეს. მისივე თქმით, მსჯელობის მთავარი თემა ქალთა გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ,,ასამბლეაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: - მშვიდობის დაცვის საკითხში ქალთა მონაწილეობა, ასევე, კონფლიქტურ სიტუაციებში და საოკუპაციო პირობებში ქალთა უფლებების დაცვის საკითხები, განსაკუთრებით, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და ის დანაშაული, რაც, ზოგადად, ტერორიზმს ახლავს და რაშიც ყველაზე მეტად ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევები იკვეთება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხებში მსოფლიოს პოზიცია ერთიანია.
საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ასამბლეაზე ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად საარჩევნო პროცესში გენდერული კვოტირების საკითხი იკვეთება. „ეს საკითხი დღეს საქართველოშიც აქტუალურია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თემას ლობირებენ, ამიტომ, უკან დაბრუნების შემდეგ, ამ საკითხებზე საუბარი აუცილებლად მოგვიწევს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა. მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, საუბარი გლობალურ პრობლემებსაც შეეხო. „არის რამდენიმე გადაუდებელი რეზოლუცია, რომელთაგან ერთი ისლამური სახელმწიფოს საკითხს და მეორე - ებოლას ვირუსის საფრთხეს ეხება“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეა ჟენევაში 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.