საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად განიხილა

ღონისძიებები 28 ოქტომბერი 2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს.

კანონპროექტი წარადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და კომიტეტის წევრებს ის შენიშვნები გააცნო, რომელთა გათვალისწინებაც მოხდა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შედეგად. მისივე თქმით, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ განხორციელებული საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში წამოჭრილი საკითხები სრულად იქნა გათვალისწინებული კანონპროექტში. 

აღნიშნული კანონპროექტით დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა. შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საკითხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. 

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად საქართველო ვალდებულია, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების დანართებში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან.

მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის მიზნებისათვის საქართველოს მთელი ტერიტორია დაიყოფა ზონებად და აგლომერაციებად, რომლებიც დამტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამართლებრივი აქტით. გარდა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს შეფასების რეჟიმების დადგენას მოდელირებისა და სხვა ემპირიული მეთოდების გამოყენებით, შედეგად მონიტორინგის სისტემისა და ქსელის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას.

სხდომაზე ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოითქვა და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ამ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, დღეს გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით, კომიტეტში კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა გამართონ და მეორე მოსმენისთვის კანონპროექტის შეჯერებული ვერსია წარმოადგინონ. 

ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ჯავახეთის ზეგანის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გლობალურად მოწყვლადი და ეროვნული მნიშვნელობის მქონე სახეობების პოპულაციების დაცვის და მათი ჰაბიტატების დეგრადაციის აღკვეთის მიზნით.

ამ კანონპროექტისა მიხედვით, ხდება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება. კანონპროექტის მუხლების მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა მიქაბაძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა მთავრობის ინიციატივა - კანონპროექტები „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის ინფორმაციით, „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება - ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის აპროქსიმაციას ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება.

მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2010 წლის 19 მაისის „ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“ დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.
ამ კანონპროექტების მიღებით, მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს სრული ინფორმაცია როგორც ბაზარზე მოწოდებული ენერგიის, ასევე სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ. ზედამხედველობას სამინისტროში შექმნილი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. ამგვარად, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასეთი პროდუქტის ენერგო მოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება, რაც საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთოს სასურველი არჩევანი.

კომიტეტმა მოახდინა ახალი კანონპროექტის - „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება. კახა კუჭავას განცხადებით, კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა და იგი ვადის გაგრძელებას ეხება იმ მცირე კომპანიებისათვის, რომლებიც წარმოშობენ 2 ტონამდე არა სახიფათო ნარჩენს და 120 კგ-მდე სახიფათო ნარჩენებს. მომხსენებლებად სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი და გიორგი გაჩეჩილაძე განსაზღვრეს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს უახლოს სხდომას წარედგინება. 
კომიტეტმა ოთხივე საკითხს კენჭისყრით მხარი დაუჭირა.