
საკრებულოს ოთხმოცდათოთხმეტ წევრ ქალს, რომელთაც ლიდერთა სკოლის პროგრამა დაასრულეს, სერტიფიკატები გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრებმა, გიგლა აგულაშვილმა და გუგული მაღრაძემ, საქართველოში გაეროს ხელმძღვანელ ნილს სკოტთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida)გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ელსა ჰასტადისთან ერთად გადასცეს.
სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია დღეს „დიდუბე პლაზაში“გაიმართა.
ლიდერთა სკოლის პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა, რომელიც ოთხი მოდულისაგან შედგება:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები და არჩევითი მოხელის (საკრებულოს წევრის) საბაზისო უნარები;
2. როგორ მოვახდინოთ გავლენა ძალაუფლების გამოყენების გარეშე;
3. საკვანძო სტრატეგიები და პრიორიტეტული განვითარება;
4. საარჩევნო ტექნოლოგიები.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კურსდამთავრებული ქალების უმრავლესობა კვლავ იღებს მონაწილეობას.
ლიდერთა სკოლა ორგანიზებულია საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.