
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოში ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საუბარი ძირითადად სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაეთმო, ასევე მის მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სამუშაო დროის განსაზღვრას და მინიმალურ ხელფასს უკავშირდება.
„მე მსურს დისკუსიის დაწყება თემაზე, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში ერთგვარი „მარშალის გეგმის“ ჩამოყალიბებას ეხება, რომლითაც მოხდება ქვეყნის უფრო სწრაფი განვითარება და განვითარების პროცესში ევროკავშირის უფრო მაღალი ხარისხის მხარდაჭერა საქართველოსთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რათა ეს იყოს ერთგვარად კომპლექსური პოლიტიკა ევროკავშირისა ამ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ცდილობენ რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ეს პროცესი რომ დაჩქარდეს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი უკვე შეხვდა პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელს, საბერძნეთის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, რომელთაც გააცნო საკუთარი ხედვა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე.
„საუბარი, ზოგადად, იმ იდეის ირგვლივ მიმდინარეობს, რასაც ჰქვია განვითარების ახალი გეგმა აღმოსავლეთ ევროპისთვის, როგორია ეს იდეები, რამდენად მზად არიან ისინი, რომ გაიზიარონ ჩვენი მოსაზრებები“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.