საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი დაზღვევის სფეროს განსავითარებლად GIZ- ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 09 ოქტომბერი 2014
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი დაზღვევის სფეროს განსავითარებლად GIZ- ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა


დაზღვევის სფეროს განსავითარებლად GIZ- ის PSD SC (Private Sector Development South Caucasus/Georgia) პროგრამის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების GIZ- ის პროგრამა დაზღვევის კუთხით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანია, ძირითადად, აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მათთვის საქართველოში მნიშვნელოვანია შემდეგი სექტორები: მშენებლობა, ტურიზმი, მეღვინეობა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით აღნიშნული წარმომადგენლობა ამ სექტორებში არსებული მდგომარეობის ანალიზს აკეთებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი რისკების დაზღვევის თაობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი დაზღვევის შესახებ და დავით ონოფრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სტუმრები აღნიშნული პროექტის თაობაზე თავიანთ შეხედულებებს მიაწვდიან.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

შეხვედრაში სტუმრების მხრიდან მონაწილეობდნენ პროგრამის დირექტორი მარიტა რიედელი, პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელი იოჰემ თეისი და პროგრამის ექსპერტი დავით ოქროპირიძე, საქართველოს მხრიდან კი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი.