
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ ორი მოწვევის პარლამენტის წევრის ბიოგრაფიით და შრომითი საქმიანობით, პოლიტიკური წარსულით და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში დაკავებული პოზიციით.
გედევან ფოფხაძემ ასევე უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა პერიოდს და პარლამენტის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს ეხებოდა, კერძოდ, საარჩევნო სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, განათლების სფეროსა და სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და ამ საკითხებზე პარლამენტის წევრის მიერ გამოხატულ პოზიციას.
„რას ნიშნავს ვიყო პარლამენტის წევრი? ეს არის საშუალება, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს, რომლის თანადგომას ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობდი, დაწყებული 2002 წლიდან, როდესაც ბორჯომის მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა საკრებულოს არჩევნებში და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩია, დღეს კი მათივე მხარდაჭერით უკვე მეორედ წარმოვადგენ ამ რაიონს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მანდატი არის ხალხისა და ქვეყნისათვის ბრძოლა. სტუდენტები პარლამენტის წევრის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ.
გედევან ფოფხაძემ ახალგაზრდებს სტუდენტური წლების ნაყოფიერად გამოყენება უსურვა, რათა მომავალში ასევე ნაყოფიერად ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.