
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ და რეგიონის განვითარების ცენტრის ინიციატივით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი თემა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იყო. როგორც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის მენეჯერმა, თინიკო ბოლქვაძემ, შეხვედრაზე აღნიშნა, ფონდი ამ მიმართულებით წლების განმავლობაში საქმიანობს და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. მან ფონდის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ღია საზოგადოება საქართველო“ მუდმივად ხელს უწყობს კვლევებს, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, ანალიტიკაზე დაყრდნობით კანონმდებლობის შემუშავებას და წარდგენას. ყველა ინსტიტუციასთან კოორდინირებული მუშაობა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ერთ მაგიდასთან დასვა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ამსჯელო. მადლობა პარლამენტს იმისთვის, რომ ამ პროცესში არის ძალიან აქტიურად ჩართული,“ - განაცხადა თინიკო ბოლქვაძემ.
რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლიზა სოფრომაძემ, კომიტეტის თავმჯდომარეს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ფონდისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის ერთერთ ძირითად მიმართულებას და პრიორიტეტს მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. „მე მივესალმები რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი გვექნება იმისა, რომ გავიგოთ რა სჭირდებათ ადამიანებს და ამ პრობლემების მოგვარების პროცესში მათ თანამონაწილეობის შეგრძნება გავუჩინოთ,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმატზე. ამ საზოგადოების წარმომადგენლები კომიტეტის მუშაობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები, ისე როგორც სხვა დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების წარმომადგენლები.“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა.