საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2014
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილს შეხვდნენ

სამუშაო შეხვედრაზე, ძირითადად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2015 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

ზაალ სარაჯიშვილმა პარლამენტის წევრებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო და სამომავლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან მუდმივი, მჭიდრო კონტაქტების დამყარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაგეგმილია საზოგადოებრივი-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რაც მისი აზრით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გააქტიურების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი უნდა გახდეს.

შეთანხმდნენ, რომ წლის დამლევს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში გაიმართება კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომელზეც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოიწვევენ და სადაც შედგება საუბარი განვლილი წლის შედეგებსა და მომავლის გეგმებზე.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებს, ვიზიტებს, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ჩვენს თანამემამულეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის გააქტიურების საკითხებს და სხვა. შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა.

შეთანხმდნენ ასევე, რომ კანონმდებლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები მომავალში რეგულარულ ხასიათს მიიღებს.