
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გუბაზ სანიკიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა კიკნაველიძე დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს შეხვდნენ.
სტუმარმა საქართველოში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის საქმიანობის მიზნებსა და პრინციპებზე ისაუბრა და დიასპორული ინვესტიციების განხორციელების კუთხით უახლოესი გეგმები წარმოადგინა. გიორგი სვანიძემ პარლამენტის წევრებს სამომავლო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო და სამომავლოდ საკანონმდებლო ორგანოსთან მუდმივი, მჭიდრო კონტაქტების დამყარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. “ასეთი შეხვედრები და მხარდაჭერა უფრო განავითარებს და გააძლიერებს საქართველოში დიასპორულ ინვესტიციებს. ხელს შეუწყობს ბიუჯეტის ზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს“.-განაცხადა შეხვედრაზე გიორგი სვანიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი. მან სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტრო გეგმავს მემორანდუმის გაფორმებას სამინისტროსა და ასოციაციას შორის, თანამშრომლობისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ, დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „დიასპორა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი და ძალა სახელმწიფოსთვის, ეს ისეთმა პატარა ერებმა დაადასტურეს, როგორიცაა ებრაელები და ირლანდიელები. მათ თავიანთი დიასპორები გამოიყენეს პირველ რიგში თავიანთი ქვეყნის წინსვლასა და უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ გვჭირდება ჩვენი დიასპორები, თანამემამულეები და ვთვლით, რომ ისინი უნდა ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე განცხადებით, “ერთი მილიონი ქართველი, რომელიც გასულია ქვეყნის გარეთ და ვერ მონაწილეობს საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ჩვენი ერის ყველაზე აქტიური, ნიჭიერი, შრომისუნარიანი ნაწილი. მათ აქვთ ძალიან დიდი სურვილი, მონაწილეობდნენ თავიანთი ქვეყნის მშენებლობაში“.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა. “ჩვენ მზად ვართ საგაზაფხულო სესიამდე შევხვდეთ და ის საკითხები, რომელიც ახლა დაისვა, სამუშაო ფორმატში დეტალურად შევისწავლოთ და განვიხილოთ.“-განაცხადა შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაიმართება გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზენტაცია, ინფორმაციის მიწოდება და ინიციატივებისა და ხედვების გაზიარება მოხდება.