
დღეს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გუბაზ სანიკიძემ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა კიკნაველიძემ ჩერქეზული საზოგადოების წარმომადგენლები მიიღეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ზოგადად ქართულ-ჩრდილოკავკასიური, კერძოდ კი ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხებს. ისაუბრეს ასევე თბილისში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნის თაობაზე. კულტურული ღონისძიება 14 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. აქ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროის თარგმანები, გამოცემები, მათ შორისაა თბილისში არსებული ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ძალისხმევით განხორციელებული პროექტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სულ უფრო მეტი ჩერქეზი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების თაობაზე, რაც ორივე მხარის აზრით, ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთკავშირების გაღრმავების საქმეს კიდევ უფრო მეტად წაადგება. სტუმრების განცხადებით, საქართველოს შეუძლია ჩერქეზ ახალგაზრდებს რეალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს სწორედ განათლების მიღების კუთხით.
„ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნა ჩვენთან, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ორდღიანი ღონისძიებები კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. საერთოდ, თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ჰქონდა: გახდეს ის, რაც იყო ყოველთვის - კავკასიის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გუბაზ სანიკიძემ.