15 ივნისს, ქალაქ რიგაში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე თამაზაშვილის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პარლამენტის ახლად არჩეული პრეზიდენტის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში რაომონდს ვეიონისმა თბილისში 13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპული მოქალაქეების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. მან ასევე საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენის სურვილიც გამოთქვა.
შეხვედრისას ქვეყნის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რაც საქართველომ ძალზედ მოკლე პერიოდში მიაღწია. მისი განცხადებით, წლის ბოლოს, აღნიშნული პროგრესი დადებითად აისახება ევროკომისიის საბოლოო დასკვნაში, რაც შემდეგი წლიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საფუძველი გახდება.
ირაკლი სესიაშვილმა ლატვიის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს მუდმივი მხარდაჭერისთვის და საქართველოს როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით მიღწეული პროგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ ქვეყნებს ეკონომიკური თანამშრომლობის საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნიათ, რომელიც მომავალში აუცილებლად იქნება გამოყენებული.
შეხვედრის დასასრულს ლატვიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მომავალ წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.