
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ჯგუფების იუნკრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ირაკლი სესიაშვილმა ახალგაზრდებს კომიტეტის საქმიანობა, მის მიერ განხილული საკანონმდებლო ინიციატივები და საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო. მანვე აკადემიის იუნკრებს თავდაცვის სფეროში ჩატარებულ რეფორმებზე და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერები ტოტალური თავდაცვის საკითხებით, ჰიბრიდული საფრთხეებით და მათგან მომდინარე გამოწვევებით, სამხედრო სავალდებულო გაწვევის წესთან დაკავშირებული თემებით და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების დანერგვის საკითხებით დაინტერესდნენ.
ირაკლი სესიაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება. კომიტეტის თავმჯდომარე სამხედრო სარეზერვო სამსახურის ფორმებს, მათი გავლის წესს და ქვეყნის თავდაცვის მიზნით, არსებული სამხედრო რესურსის მნიშვნელობას შეეხო. შეხვედრის დასასრულს ირაკლი სესიაშვილმა ახალგაზრდებს პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.