
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ავსტრიის პოლიტიკური მოწყობის მოდელს დაეთმო.
„ავსტრია არის ნეიტრალური სახელმწიფო, არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ არ შედის არც ერთ სამხედრო ბლოკში. მას გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი და ჩვენ დავინტერესდით ამ მოდელით. შესაბამისად, მივიღეთ ინფორმაცია, თუ როგორ ახერხებს ავსტრია ნეიტრალიტეტის პირობებში დაიცვას მისი უსაფრთხოება, რა ფუნქციას ასრულებს ევროკავშირი, რა პარტნიორობის პროექტები აქვს ნატოსთან. აღსანიშნავია, რომ იგი სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ არ არის ნატოს წევრი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში აღნიშნული მოდელის გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სწორედ ამას სთავაზობს ხელისუფლებას მისი ფრაქცია - რომ დაიწყოს ფიქრი ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის და შვეიცარიის მოდელების შესახებ.
ფრაქციის წარმომადგენლები ამ თემაზე შეხვდებიან ფინეთის, შვედეთის და შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
უახლოეს ხანში იგეგმება ვიზიტი ავსტრიაში, სადაც ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლები, ნეიტრალიტეტის მოდელის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვდებიან პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს, სამხედრო ექსპერტებს.
„მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია დავიწყოთ ფიქრი ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის და შვეიცარიის მოდელის გაზიარებაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა.