
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ლიტვის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, გენოვიტა კრასაუსკიენეს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეებმა ერთმანეთს ლიტვის რესპუბლიკასა და საქართველოში არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. „ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ივანე კიღურაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი, ხოლო ვილნიუსის უნივერსიტეტში - ქართული ენისა და კულტურის ცენტრი. „ამ ცენტრებს დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების დაახლოებაში“, - აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
მისი ინფორმაციით, 17- 19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს სახელწოდებით „ლიტვა და საქართველო 520-წლიანი რეტროსპექტივიდან“. კონფერენცია ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, აუდრონე პიტრენიენეს პატრონაჟით ჩატარდება. ივანე კიღურაძის თქმით, სწორედ 520 წლის წინანდელ ლიტვურ წერილობით წყაროებში დაფიქსირდა საქართველო, როგორც ქვეყანა. „ასეთი კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის უხუცესმა დეპუტატმა.