
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანე კიღურაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ელისო ჩაფიძე ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორმოცამდე მსმენელს შეხვდნენ.
ივანე კიღურაძე სტუმრებს ესაუბრა განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ხელისუფლების ხედვაზე განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტში ინიცირებულ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტზე და მის ზოგად პრინციპებზე. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აგრეთვე იყო ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის შესწავლის პრობლემატიკა. ივანე კიღურაძემ სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს შორის იყვნენ ეროვნული უმცირესობებით დასახლებული, მაღალმთიანი და კონფლიქტის ზონების რეგიონებში მომუშავე საჯარო მოხელეები.