საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახა კუჭავა და ზაზა ხუციშვილი „ჭიათურელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ღონისძიებები 30 ნოემბერი 2017
კახა კუჭავა და ზაზა ხუციშვილი „ჭიათურელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი ჭიათურელთა პრობლემებზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში „ჭიათურელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს (1990 - 1991 წწ.) წევრმა შოთა გაფრინდაშვილმა, „ჭიათურელთა კავშირის“ ახალგაზრდა წევრებმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ჭიათურაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ, რომელიც აქ მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება.

მათი ინფორმაციით, რომლებიც სხვადასხვა კვლევას ეყრდნობა, გარდა იმისა, რომ აქ განვითარებული პროცესები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, მძიმე ვითარებაა შექმნილი გარემოსდაცვითი კუთხითაც. ჭიათურასა და მის სოფლებში განვითარებულია ეროზიული და მეწყერული პროცესები, მანგანუმის არასწორი მოპოვების შედეგად ადგილი აქვს ნიადაგის დეგრადირების შეუქცევად პროცესებს, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ჰაერის დაბინძურება მანგანუმის ორჟანგით და ა. შ. არსებული პრობლემების გამო ქალაქი და სოფლები მოსახლეობისგან იცლება.

„ჭიათურელთა კავშირის“ წევრების განცხადებით, ეს მხარე ეკოლოგიური კატასტროფის პირზეა და მათ დეპუტატებს დახმარებისთვის მიმართეს.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, აქ დასახელებული პრობლემები იმდენად მრავალმხრივია, რომ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

„სასაიმოვნოა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე მეორეჯერ ვხვდებით „ჭიათურელთა კავშირის“ წარმოამდგენლებს - იმ გულანთებულ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ჭიათურის და მთლიანად რეგიონის გარემოსდაცვით საკითხებზე არიან ძალიან შეწუხებულები. ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე, იმაზე თუ უკვე ხვალისთვის რის გაკეთება შეიძლება. გადავწყვიტეთ, რომ კომიტეტი რეგიონებში შემდეგივე გასვლით სხდომას პირველ რიგში ჭიათურაში გამართავს, სადაც ჩვენ ადგილზე გავეცნობით ვითარებას, უფრო დეტალურად შევისწავლით პრობლემებს, მოვისმენთ იქ მცხოვრებთა აზრს, თუ რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ ამ პრობლემების გადასაჭრელად რა ნაბიჯები გადავდგათ. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კახა კუჭავამ.