
გლდანის N20 მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე სამაჟორიტარო ოლქში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემატიკის და 2019 წელს დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების გაცნობა წარმოადგენდა.
კობა კობალაძის ინფორმაციით N20 სამაჟორიტარო ოლქში 10 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები და პრობლემები აქვთ. მათი დაძლევის მიზნით კი სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი პროექტები ხორციელდება.
|
„2018 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ერთად განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პრობლემების ადგილზე შესწავლა, რა დროსაც მთელი რიგი საჭიროებები გამოვლინდა. სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციით და აქტიური მუშაობით იმავე წელს ოთხ სკოლაზე ნაწილობრივი დაფინანსების გამოყოფა მოხერხდა. ამასთანავე, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას არსებული სკოლების პრობლემატიკის გათვალისწინებაზე შევჯერდით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო - საპროექტო სამსახურის თანამშრომლებმა სკოლებში არსებული პრობლემატიკის დეტალიზაცია მოახდინეს, რაც აისახა კიდეც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა კობა კობალაძემ. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სკოლების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაში ოლქში არსებული 6 სკოლა ჩაერთო, შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით განხორციელდება.
სკოლის დირექტორებთან გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი და ირინე აბულაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სკოლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრეს და ოლქში შემავალ თითოეულ სკოლაზე გამოყოფილი ფინანსების ათვისებაზე და ტენდერების ჩატარებაზე ინფორმაცია წარმოადგინეს.