
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა კობალაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციას შეხვდა. პოლონელი სტუმრები, ამავდროულად, ვარშავის სტრატეგიული უნივერსიტეტის ლექტორატს და სამობილიზაციო რესურსის საკითხების ექსპერტებს წარმოადგენენ. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით პოლონურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამობილიზაციო რესურსის უზრუნველყოფის რეგიონალურ პრინციპზე და საგანგებო სიტუაციების დროს მართვის ორგანიზებაზე. პოლონელმა სტუმრებმა ნატოში ინტეგრირების პროცესში პოლონეთის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და განვლილ ეტაპებზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციამ ქართულ მხარესთან გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, რაც, თავისთავად მისასალმებელი ფაქტია“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა 2021 წელს, ვარშავაში გასამართ უსაფრთხოების გაფართოებულ კონფერენციაზე, საქართველოს წარმომადგენლები მიიწვიეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრას პოლკოვნიკი შტეფან შუშკა, ვიცე-პოლკოვნიკი მარიან ჩიჩონი და ჯოზეფ გროჩალა დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტი ვახტანგ მაისაია და კომიტეტის წევრები ჯუმბერ იზორია და ლევან მგალობლიშვილი.