საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ლევან ბერძენიშვილი სამხრეთ ევროპის სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 20 ოქტომბერი 2015
ლევან ბერძენიშვილი სამხრეთ ევროპის სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოში სამდღიან ვიზიტად მყოფი სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯაილზ პორტმანი და ექსპერტი ანელი კიმბერლი საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდნენ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ამავე კომიტეტის წევრებთან გია ვოლსკისთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად შეხვდა.

მხარეებმა სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრაზე დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და სარგებელთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. 

„სტუმრებს განსაკუთრებით კარგად გავაგებინეთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის ყველა სიგნალს ევროპიდან. ჩვენ ვითხოვთ მათგან უკუკავშირს, რათა გამოჩნდეს სინათლე ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს. ჩვენ არ ველით რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხვალ ან ზეგ გახდება, თუმცა, ველით წინადადებას, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ბერძენიშვილმა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არამარტო საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გაზრდილია პრო დასავლური პროპაგანდა, რომელიც თანამიმდევრულ და კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, იცვლება დამოკიდებულება ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ. ეს ტენდენცია ჯერ ვერ შევაჩერეთ, თუმცა, „უნდა შევძლოთ და შევატრიალოთ უკან".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის სარგებელი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსთვის, იყოს სათანადოდ გაცნობიერებული და ახსნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, რათა მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირსა და ნატოს აქვს, იყოს მეტად გააზრებული, გაზრდილი და შენარჩუნებული. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვთხოვეთ მათ ორი სახის - ინტელექტუალური და ფინანსური დახმარება. ინტელექტუალური დახმარება ვითხოვეთ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი... ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაპირისპირება მოუწიათ და ის გზა უკვე გაიარეს, რასაც საქართველო ახლა გადის.

ღირებულებითი პრობლემები ჩვენ არ გვაქვს რადგან ქართველები თავს ევროპელად ისტორიულად გრძნობენ. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), მაგრამ ჩვენს ფერმერებს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა საშუალებები გაგვიხსნა ევროპამ და ეკონომიკურად რა სიკეთეების მოტანა შეუძლია მას. ამის ახსნას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსები, რაშიც მათი დახმარება დაგვჭირდება. ჩვენი თხოვნა მათ გულთან ახლოს მიიტანეს და დახმარება აღგვითქვეს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.