საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მანანა კობახიძე და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 15 თებერვალი 2016
მანანა კობახიძე და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა კობახიძე და საბჭოს წევრები გუგული მაღრაძე და ნანა ყეინიშვილი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდნენ. მხარეებმა ქალთა მიმართ ძალადობაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და საბჭოს წევრებმა სტუმარს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, მანანა კობახიძის შეფასებით, ძალზე მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი.

„საქართველოს, საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე, აღებული აქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ და სწორედ ამ მიზნით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა. ჩვენ, ძალიან მალე, სტამბოლის შესაბამისი კანვენციის რატიფიცირებას ვაპირებთ, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ყოველგვარი ძალადობის დაძლევას ემსახურება. იცით, რომ მოვახდინეთ ნაადრევი ქორწინების კრიმინალიზაცია. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვან სპეციალურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომლის პროექტიც უკვე მზად არის. ეს არის სწორედ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის დოკუმენტი ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ჰქონია. იყო ცალკე მაგალითად, ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის მიზნით შექმნილი სამოქმედო გეგმა, მაგრამ ძალადობა, როგორც ასეთი პრობლემა მთლიანობაში, არ ყოფილა აღქმულ და არ ყოფილა ერთიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხილული. მე ვფიქრობ, რომ ეს გეგმა თითოეულ სტრუქტურას აღმასრულებელ ხელისუფლებაში მისცემს კონკრეტულ სამოქმედო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც დაიძლევა ის პრობლემები, რაც სხვადასხვა დონეზე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას უკავშირდება.

ამ მიმართულებით, ნამდვილად გვაქვს პროგრესი. ვიტყოდი, რომ რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში საკანონმდებლო ჩარჩო ნამდვილად ძალიან ეფექტურია. რაც შეეხება სტანდარტს, ბუნებრივია, გვინდა, რომ ჩვენთანაც ქალთა უფლებები ევროპული სტანდარტით იყოს დაცული. ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც ქალთა მიმართ ძალადობას უკავშირდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მანანა კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.