საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მანანა კობახიძე ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლოლიტა ჩიგანეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 თებერვალი 2016
მანანა კობახიძე ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლოლიტა ჩიგანეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე საქართველოში ვიზით მყოფ ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლოლიტა ჩიგანეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. ლოლიტა ჩიგანემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლატვიის სრული მხარდაჭერა. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავს ლატვიის და ზოგადად ბალტიის ქვეყნების, ისევე როგოც ნორდიკული ქვეყნების სახით. „კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ვარშავის სამიტზე აუცილებელი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა იყოს ძალიან მკაფიო, ძალიან ხელშესახები და თვალსაჩინო. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით, რომ ლატვიის პარლამენტის და მთავრობის მხრიდან იქნება გამოკვეთილი მხარდაჭერა. იცით, რომ ზაფხულამდე ვიზალიბარალიზაციის შესახებ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით. უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლატვია არის ჩვენი ძალიან აქტიური მხარდამჭერი, ისევე როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის. ლატვიის პარლამენტმა, უკრაინასთან ერთად საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და დეოკუპაციის საკითხებს არაერთი სპეციალური განცხადება მიუძღვნა. ამიტომ, ეს იყო ჩვენი ორმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.