
საქართველო-გვატემალას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ფრიდონ საყვარელიძე და ჯგუფის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი გვატემალაში საქართველოს საპატიო კონსულს, საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Christian Broadcasting Network (CBN) -ის რეგიონული ფილიალის დირექტორს, მარიო ადოლფო ბუკაროს შეხვდნენ. მარიო ადოლფო ბუკაროს თქმით, საქართველოსა და გვატემალას შორის რამდენიმე მსგავსება არსებობს - ორივე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების სტრაგეგიული პარტნიორია, ასევე, მიუხედავად მათი უძველესი ისტორიისა, საქართველო და გვატემალა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოებია. კონსულმა საქართველოს პარლამენტის წევრებს გვატემალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც. „ჩვენი, დიპლომატების, მოვალეობაა, დავაკავშიროთ ადამიანები ერთმანეთს. ეს შეეხება ბიზნესს და სავაჭრო ურთიერთობასაც“, - განაცხადა კონსულმა და აღნიშნა, რომ გვატემალის მხარე ქვეყანაში ქართული ღვინისა და თხილის იმპორტითაა დაინტერესებული.
საინვესტიციო გარემოსა და ანტიკორუფციული პოლიტიკის გარდა, მარიო ადოლფო ბუკარომ საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართაც გამოთქვა ინტერესი და აღნიშნა, რომ გვატემალაში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს შესახებ ლექციის ჩატარებას გეგმავს.
„ბევრი საინტერესო ნიუანსის შესახებ ვისაუბრეთ, რაც შეიძლება ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი გახდეს“, - განაცხადა საქართველო-გვატემალას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრიდონ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ქართული მხარე გვატემალიდან შაქრისა და ყავის იმპორტით დაინტერესდება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კომუნიკაცია უნდა დამყარდეს, რაც თანამშრომლობის საფუძველს შექმნის. „საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვგეგმავთ, რომ ჩვენი ქვეყანა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ერთგვარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამაკავშირებლად ვაქციოთ. შესაბამისად, პოლიტიკური სტაბილურობა, გამჭვირვალობა აუცილებელია საინვესტიციო გარემოს სიჯანსაღისთვის“, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა. საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებით, საქართველო მზადაა გვატემალასთან გამოცდილების გაზიარებისთვის.