
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს და ზესტაფონის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა.
„ახალგაზრდული პარლამენტი“, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით შეიქმნა, მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი (IX-XII) კლასების მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული.
შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შალვა კიკნაველიძე ახალგაზრდებს ახალგაზრდული აქტივობების მნიშვნელობასა და ჩართულობაზე ესაუბრა. „ბევრი კარგი იდეაა, ბევრი სწორი ღონისძიებაა, რომლითაც შეძლებთ არაერთი ახალი ახალგაზრდული პროექტი, პროგრამა განახორციელოთ ქალაქში. შეიძლება იფიქროთ გასვლით ღონისძიებებზე, რეგიონალურ შეხვედრებზე“, - მიმართა მან სტუმრებს და ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდული მიმართულებებისადმი დამოკიდებულებასა და გეგმებზე გაამახვილა. “სახელმწიფო ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრ საქმეს აკეთებს. სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტი იგეგმება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდისა და ეროვნული ცენტრის მხრიდან“, - აღნიშნა შალვა კიკნაველიძემ.
შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, მარინა ხვედელიძის განცხადებით, “ახალგაზრდული პარლამენტი“ პერიოდულად იკრიბება, ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ღონისძიებას. ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მსჯელობენ აქტუალური პრობლემების შესახებ, ამუშავებენ პროექტებს და აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ქავთარაძე. მან „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები, დანიშნულება, სტრუქტურა, მისი საქმიანობის პრინციპები და სპეციფიკა გააცნო.
„ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია. ეს არის მთავარი და ჩვენი საუბარი დღეს ამ თემასაც შეეხო. ვფიქრობ, ამ კუთხითაც ინფორმაციული და სასარგებლო იყო მათთვის დღევანდელი შეხვედრა“, - განაცხადა გიორგი ქავთარაძემ.
შალვა კიკნაველიძემ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ისაუბრა ერთობლივ აქტივობებსა და საერთო პროექტებზე და შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
„მოვიწვიოთ ყველა, ვინც ჩართული იქნება ამ პროცესში და იმ კითხვებზე, რაც იარსებებს, მათგან მივიღოთ პასუხი. ეს ყველაფერი კი თქვენს აქტიურობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. თქვენ გაქვთ რესურსი წამოიწყოთ და განახორციელოთ ახალი პროექტები“, - მიმართა მან ახალგაზრდებს. „ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება და ამ საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დამხმარე და მონაწილე ვიქნები“, - აღნიშნა შალვა კიკნაველიძემ.
შეხვედრის დასასრულს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე შეთანხმდნენ.