საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სოფო კილაძე და ლევან ბეჟანიძე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 05 დეკემბერი 2017
სოფო კილაძე და ლევან ბეჟანიძე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი ლევან ბეჟანიძე, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენ. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ესწრებოდა.

სოფო კილაძე ბავშვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გატარებულ რეფორმებსა და მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალგაზრდებს დაწესებულების დატოვების შემდეგ აქვთ, მათ შორის, უმაღლესი და პროფესიულ-ტექნიკური განათლების მიღების, საზოგადოებასთან ინტეგრირების საკითხებზე. სოფო კილაძე შეეხო 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად ოჯახის, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმეა ის, რომ ახალგაზრდებს ვხედავთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული განათლებაში, სპორტში, ჯანსაღი ცხოვრების წესში, რათა ავაშოროთ ისინი კრიმინალურ, დანაშაულებრივ გზებს. ამისთვის კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მართლაც უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, მის მოადგილეს და მთლიანად სამინიტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ ამ ბავშვებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ეს იმ რეფორმების დამსახურებაცაა, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის მხრიდან განხორციელდა. ძალიან ბევრი კანონპროექტი იქნა მხარდაჭერილი, რამაც შედეგად მოიტანა ამ ბავშვების პირობების გაუმჯობესება. თუმცა ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ არცერთი ბავშვი არ მოხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.