საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 29 სექტემბერი 2015
თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე დეპოზიტის დაზღვევის სისტემისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობა ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. მათივე განმარტებით, სისტემას საკმაოდ დიდი ფინანსური მნიშვნელობა აქვს და ხელს უწყობს საბანკო სექტორის ფუნქციონირებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპენსიო რეფორმისა და ამ მიმართულებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვით, არსებულ საპენსიო სისტემას დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჩაანაცვლებს. მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს საპენსიო რეფორმა ესაჭიროება. მათივე განცხადებით, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული საპენსიო ფონდიც. ექსპერტებმა დეპუტატებს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაც გააცნეს. იმსჯელეს ონლაინ კრედიტებისა და სალომბარდო მომსახურების შესახებაც. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, სასურველია, მომზადდეს ცვლილებები საქართველოს კანონში „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, მათივე თქმით, მსესხებელთა უფლებები კანონით მეტად უნდა იყოს დაცული. ისაუბრეს ფინანსურ საკითხებში მოსახლეობის მეტი ინფორმირების მნიშვნელობაზეც. „დღევანდელი შეხვედრა იყო მსოფლიო ბანკის ინიციატივით და იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, რომ დეპუტატები რაც შეიძლება ინფორმირებულები ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენზეა შემდეგ დამოკიდებული, ეს კანონები ჩვენ უნდა მივიღოთ.დავგეგმეთ რამდენიმე შეხვედრა, რომელიც მოეწყობა მსოფლიო ბანკის ოფისში, შემდეგ ნოემბერში, ასევე, სკაიპის მეშვეობით, გვექნება საშუალება ერთმანეთს დავუსვათ შეკითხვები, გავცვალოთ აზრები. ვფიქრობ, რომ კომიტეტი უფრო მეტად უნდა ჩაერთოს და პარლამენტმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ.