საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თედო ჯაფარიძე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 29 თებერვალი 2016
თედო ჯაფარიძე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და  ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ელჩმა დაადასტურა ლიტვის მზაობა, დახმარება გაუწიოს საქართველოს იმ სფეროებში, სადაც ლიტვას მოწინავე გამოცდილება გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ ლიტვა საერთაშორისო არენაზე და სხვადასხვა ორგანიზაციის ფარგლებში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

„საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. ლიტვა, როგორც ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, მზადაა საქართველოს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დახმარება აღმოუჩინოს მას. ეს არის რთული პროცესი, თუმცა, საქართველომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. ეს დღე აუცილებლად დადგება, რისთვისაც საქართველო უნდა იყოს მზად,“ - აღნიშნა  გიედრიუს პუოჯუნასიმ.

„უნდა გავაგრძელოთ რეფორმები ქვეყანაში. ავამაღლოთ დემოკრატიის ხარისხი. გზა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, ნიშნავს ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მაღალი ხარისხის არსებობას“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

თედო ჯაფარიძემ სტუმარს შესთავაზა - გაიმართოს პოლონეთის, რუმინეთის, საქართველოსა და ლიტვის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და  უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება საქართველომ მიიღოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა მოიწონა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.

თედო ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის, ყველა მიმართულებით გრძნობდა ლიტვის მხარდაჭერას.