საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ნაზაროვს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2016
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ნაზაროვს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი თოფაძე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ნაზაროვს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრა ორი ქვეყნის - საქართველოს და უკრაინის საერთო მიზნებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით, ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის მიზანმიმართულად აგრძელებს სვლას.

შეხვედრაზე ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს და უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ.

თემურ ჭკუასელი: „მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო, ძირითადად საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის საერთოა. ვისაუბრეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც, თუ რა ხდება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სლავიანსკში.“

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ნაზაროვმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წარმოადგენდეს მის ქვეყანას საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და უკარაინის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხტა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.