
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი ორგანიზაცია - „Heavenly Culture, World Peace, Restoration of Light“–ის პროექტის მენეჯერს საქართველოში, კაილა ჩანგს შეხვდა.
შეხვედრაზე კაილა ჩანგმა ისაუბრა ორგანიზაციის შექმნის და განვითარების ისტორიაზე. ასევე კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო ორგანიზაციის მიზნები, მიღწევები და სამომავლო გეგმები.
სტუმარმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისში იგეგმება არაერთი ღონისძიება მსოფლიოში მშვიდობის და ჰარმონიის პროპაგანდის კუთხით. კერძოდ, გაიმართება მშვიდობის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ფილმი და გამოვლინდება გამარჯვებული. ღონისძიებას დაესწრება ორგანიზაციის თავმჯდომარე მან ჰი ლი, რომელიც აქტიურად იღწვის მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. მისი და ორგანიზაციის უშუალო ძალისხმევით მოხდა ფილიპინებში, მინდანაოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
ორგანიზაცია მესამე წელია აწყობს ყოველწლიურ მსოფლიო ერების მშვიდობის სამიტს სეულში, სადაც 100-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას. თეიმურაზ ჭკუასელი მიწვეულია ამ სამიტზე სექტემბერში.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა ისაუბრა მშვიდობისა და სამართლიანობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობისმოყვარე ქვეყანა. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე იგი არასდროს ყოფილა კონფლიქტის ინიციატორი.
თეიმურაზ ჭკუასელმა განაცხადა, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც კარგად ესმით მშვიდობის ფასი და აქედან გამომდინარე, სიამოვნებით ითანამშრომლებს ორგანიზაციასთან, რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება. ასევე დადებითად შეაფასა სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო რეფორმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ინფორმაციისთვის. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობებზე. დაიგეგმა არაერთი შეხვედრა, სადაც კონკრეტული პროექტების განხილვა მოხდება.
ორგანიზაცია „Heavenly Culture, World Peace, Restoration of Light“ მშვიდობისა და ჰუმანიზმის ირგვლივ მსოფლიოს გაერთიანებას ისახავს მიზნად. ორგანიზაციას უკვე მსოფლიოს მრავალი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი უჭერს მხარს, რაც დადასტურდა სოლიდარობის შეთანხმებაზე ხელმოწერით.