
საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების დასაქმების საკითხები, ორგანიზაციის მიზნები და გეგმები იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელისა და ემიგრანტთა დასაქმების ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა.
შეხვედრა დღეს პარლამენტში შედგა და საუბარი შეეხო პროექტს - „უმუშევრობიდან დასაქმებამდე“, რომელსაც აღნიშნული ცენტრი უკვე მრავალი წელია ახორციელებს. ყურადღება დაეთმო იმ პრობლემებსაც, რომლებსაც ცენტრის თანამშრომლები პროექტის განხორცილებისას აწყდებიან.
ემიგრანტთა დასაქმების ცენტრის დირექტორის, თამარ ფარულავას ინფორმაციით, ცენტრი 2011 წელს დაარსდა და დღემდე რამდენიმე ასეული ადამიანის დახმარება უკვე შეძლო. დღეისათვის ცენტრის მონაცემთა ბაზაში 2 ათასამდე ადამიანია დაფიქსირებული. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი, რომელთა შორის უმეტესობა 35 წელზე მეტი ასაკისაა და, ბუნებრივია, მათ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. ძირითადად ბრუნდებიან იტალიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არიან როგორც კვალიფიციური კადრები, ასევე ისეთებიც, ვინც გადამზადებას საჭიროებს და დასაქმების ცენტრი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მათ. დასაქმების ცენტრს კავშირები აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვისი მეშვეობითაც ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თეიმურაზ ჭკუასელის განცხადებით, ემიგრანტთა დასაქმების ცენტრის საქმიანობა უდავოდ აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან ნამდვილად ძალიან დიდ და კარგ საქმეს აკეთებენ. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, თეიმურაზ ჭკუასელმა ცენტრის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შესაბამისი დახმარება აღუთქვა.