საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 16 აპრილი 2015
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ გერმანიის ფედერაციის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა. მარტინ პეცოლდისთან და ტანკრედ შიპანსკისთან გამართულ შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მისი იმპლემენტაციის საკითხები წარმოადგენდა. გერმანელი კანონმდებლების შეფასებით, გერმანია დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით საქართველომ წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) გეგმას შეეხო. საქართველოს პარლამენტი აპირებს, ერთი მხრივ, კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და მეორე მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს. გერმანელ კოლეგებთან რიგის სამიტზე და იმ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ, რომელიც ევროპული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან, თვის ბოლოს კი საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს გამართავს.