საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპებისა და ლარის კურსის შესახებ ისაუბრეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ და გერმანიის ეკონომიკური გუნდი - საქართველოს ექსპერტმა დევიდ საჰამ. ზურაბ ტყემალაძე სტუმარს იმ გარე და შიდა ფაქტორების შესახებ ესაუბრა, რამაც ეროვნული ვალუტის კურსზე იქონია გავლენა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკისაგან საზედამხედველო საბჭოს გამოყოფისა და მისი საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე.
სტუმრის განცხადებით, ვინაიდან რეგიონში მოხდა ვალუტის დევალვაცია, ლარის ამჟამინდელი კურსი ამის ადეკვატურია. მისი თქმით, ეკონომიკური წინსვლისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობას და მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობას.
დღევანდელი შეხვედრა ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა. დევიდ საჰას განცხადებით, გერმანიის ეკონომიკური გუნდი ნოემბერში გეგმავს ჩამოსვლას, როდესაც კონკრეტულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესთავაზებენ ქართულ მხარეს.