
საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ ისაუბრა თუ რა სირთულეებია საქართველოში განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე. დაინტერესდა ჩეხეთში პედაგოგთა ანაზღაურების რაოდენობით, სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების დაფინანსების საკითხით. როგორც ჩეხეთის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირჟი ზლატუშკამ განაცხადა, მათ ქვეყანაში უმაღლესი განათლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ჩეხი პედაგოგები და პროფესორ–მასწავლებლები, ქართველ კოლეგებთან შედარებით, სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სტუდენტებისთვის უფასოა. ივანე კიღურაძის განცხადებით, განათლების შესახებ კანონზე მუშაობისას პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ჩეხეთის გამოცდილება.
ისაუბრეს სახელმწიფო თეატრების განვითარებისა და დაფინანსების შესახებ. შეხვედრაზე ითქვა, რომ შესაძლოა სამომავლოდ ქართულ–ჩეხური ერთობლივი პროექტებიც შეიქმნას განათლებისა და კულტურის სფეროში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები ალექსანდრე ქანთარია, გიორგი ქავთარაძე და ზაზა პაპუაშვილი.