საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

აპარატი 21 იანვარი 2015
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობასა და სტრუქტურაზე, პარლამენტის როლზე, ფუნქციასა და მნიშვნელობაზე, ასევე პარლამენტის პოლიტიკური შემადგენლობის შესახებ ისაუბრა.

დეპუტატმა პარლამენტის კანონშემოქმედებით პროცესებზეც გააკეთა აქცენტი. მან სტაჟიორებს საკანონმდებლო სიახლეები და ცვლილებები გააცნო და რამდენიმე მნიშვნელოვან კანონსაც შეეხო, რომელიც პარლამენტმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიიღო.

სტაჟიორები პარლამენტის წევრს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა და სტაჟირების კოორდინატორმა, გულიკო რატიანმა წარუდგინა. მისი ინფორმაციით, - „აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს პარლამენტში კადრების მომზადება კანონშემოქმედებითი და ორგანიზაციული საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის“.

ლევან ბერძენიშვილმა ხაზი გაუსვა სტაჟირების მნიშვნელობას პარლამენტის აპარატში საკადრო გადაადგილების დროს. მისივე თქმით, სტაჟიორთა შერჩევის პროცესი ყველაზე ობიექტურად სწორედ პარლამენტში ტარდება.

პარლამენტის წევრმა სტაჟიორთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც გარდა საკანონმდებლო საქმიანობისა საქართველოს ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა. ყურადღება გამახვილდა ევროპასთან დაახლოების როლსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს ლევან ბერძენიშვილმა სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ისინი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებენ. „ვისურვებდი, თქვენს რიგებში გაიზარდოს ხალხი, ვინც ჩაიბარებს და შეიყვანს ქვეყანას სწორედ იმ სტრუქტურებში, რომელზეც დღეს ბევრი ვისაუბრეთ. გისურვებთ წარმატებულ შრომას საქართველოს პარლამენტში“ -მიმართა დეპუტატმა სტაჟიორებს.

2015 წელს პარლამენტის აპარატს 24 სტაჟიორი ჰყავს. სტაჟირების ვადა 6 თვეს მოიცავს. სტაჟიორები საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული, კომიტეტების და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან და პლენარულ სხდომებს ესწრებიან. 

სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს.