საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრიდონ საყვარელიძე, პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 15 დეკემბერი 2015
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრიდონ საყვარელიძე, პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრიდონ საყვარელიძე, პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა. დეპუტატი ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და პარლამენტში საქმიანობის შესახებ ესაუბრა და საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობა და მათი უფლება-მოვალეობები გააცნო. ფრიდონ საყვარელიძემ კანონშემოქმედებითი პროცესი დეტალურად განიხილა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

დამსწრე ახალგაზრდების მხრიდან, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებით დაინტერესების გამო, პარლამენტის წევრმა აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენის უძრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების განხორციელება. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარება და აფხაზი ხალხის მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ინტერესი არის ის საშუალება და გზა, რომელიც ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებას შეძლებს.

ფრიდონ საყვარელიძემ ისაუბრა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის ამოძირკვის მიზანიმართულ კამპანიაზეც. მისი განცახდებით, საკუთარ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ადამიანის ფუნდამენტური უფლების შელახვაა, რაც ყოვლად დაუშვებელია, თუმცა, მისი აზრით, ამ კამპანიას დადებითი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ენის ამოძირკვის პროცესი რთულია, რის გამოც ქართულ ენას გადაშენება არ უწერია.

ფრიდონ საყვარელიძემ, ასევე, ისაუბრა სკოლაში ბავშვის შეყვანის შესახებ დაწესებულ ექვსწლიან ასაკობრივ ზღვარზეც და განაცხადა, რომ არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს-ბავშვების ფსიქო-ემოციური თავსებადობა, ჯანმრთელობა, ექვს წლამდე ბავშვებთან პედაგოგების მუშაობის არსებული გამოცდილების დონე და ა.შ. სწორედ ამიტომ, დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.

განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას, ფრიდონ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ განათლების დონის ასამაღლებლად, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია პედაგოგების გადამზადება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ფრიდონ საყვარელიძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციაზე, მის მნიშვნელობასა და იმ ძირითად ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ამოქმედების უზრუნველსაყოფად, რასაც მისივე თქმით, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება.

შეხვედრის ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასარულს კი, ფრიდონ საყვარელიძემ მათ წინასწარ მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატება უსურვა.

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ორგანიზებით სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების შეხვედრები სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებთან სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლების და აღნიშნული პროცესების მეტი ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ფრიდონ საყვარელიძესთან შეხვედრას პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, დიანა (მარინე) ასათიანი დაესწრო.