საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს შეხვდა

ფრაქციები 16 მარტი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს შეხვდა

16 მარტს, ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე და ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, საპარლამენტო სტაჟირების ფარგლებში, „სტუდენტური პარლამენტის“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სტაჟიორებს შეხვდა. პარლამენტის წევრმა სტუდენტებს საკანონმდებლო და მაჟორიტარული საქმიანობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა წარმოადგენდა. გოგი მეშველიანი სტუდენტებს საქართველოს უახლეს ისტორიაში ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების დინამიკაზე და ასევე, ევროპულ გამოცდილებაზე ესაუბრა. დეპუტატმა „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს ამ მიმართულებით 2018 წელს დაგეგმილი რეფორმის შესახებ საკუთარი შეხედულებაც გააცნო და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზების მიზნით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთობლივ სტრატეგიაზე მუშაობს.

მეშველიანის თქმით, სტრატეგიის მიზანი მუნიციპალიტეტების ფისკალური დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა წარმოადგენს. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, კონკრეტული სოფლებისა და ქალაქების მაგალითზე, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ადილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უშუალო კონტაქტი გაიზარდა, კომუნიკაცია გაუმჯობესდა და დღეს მოქალაქეები უკეთ ახერხებენ საკუთარი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის ხელისუფლებამდე მიტანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბოლნისის მაჟორიტარმა სტუდენტური პარლამენტის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობის შესახებ ახალგაზრდების მოსაზრებებსაც გაეცნო.