საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის ქუვეითის სახელმწიფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი გიგლა აგულაშვილი და ჯგუფის წევრები ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 10 აპრილი 2015
საქართველოს პარლამენტის ქუვეითის სახელმწიფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი გიგლა აგულაშვილი და ჯგუფის წევრები ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

დღეს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ქუვეითის სახელმწიფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელის გიგლა აგულაშვილის და ამ ჯგუფის წევრების შეხვედრა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტად მყოფი ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრა თბილისის პარლამენტში, ბაგრატოვანთა დარბაზში შედგა.

როგორც შეხვედრაზე გიგლა აგულაშვილმა განაცხადა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. მან აქვე სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა იმ ჰუმანიტარული დახმარებისათვის, რომელიც ქუვეითმა ჩვენს ქვეყანას გაუწია 2008 წლის აგვისტოში. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქუვეითის მხარემ ქართველ სტუდენტებისათვის სტიპენდიები გამოყო, რაც ქართველ ახალგაზრდებს ამ ქვეყნის უკეთ გაცნობისა და ამ ქვეყანაში განათლების მიღების საშუალებას მისცემს. 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიულ გეგმებზე როგორც ეკონომიკურ, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მხრიდან მზადყოფნა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. გიგლა აგულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ამ პროცესების ხელისშემწყობი გახდება.

„ჩვენ გახსნილი ვართ პარტნიორობისათვის როგორც ეკონომიკის, ასევე უსაფრთხოების სფეროებში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰამად ალ-ჰარაშანმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გულითადი მიღებისათვის და აქვე დასძინა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „გვსურს გავაღრმავოთ კავშირები და თანამშრომლობა ყველა სფეროში“,- აღნიშნა სტუმარმა. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება და ურთიერთხელსაყრელი გახდება.

ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში 9 აპრილს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის დღეებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან ილია მეორესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძესთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცქიფურაშვილთან.