
საქართველოსა და ისრაელის პარლამენტის დელეგაციებს შორის შეხვედრებს უკვე რეგულარული ხასიათი აქვს. საქართველოს პარლამენტის ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელისო ჩაფიძემ, ამავე ჯგუფის წევრთან, კობა სუბელიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხალიკ ბართან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყნას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვინდა ბიზნეს და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან. ამ მიზნით, იმედი მაქვს, მალე მოვახდენთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების გამარტივების ინიცირებას“, - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. „ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეუძლია ქნესეთს რეზოლუციის თვალსაზრისით მომავალში გააკეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, პრემიერთან მიღწეული გადაწყვეტილების თანახმად, მომავალში, ისრაელის და პალესტინის მოქალაქეების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების შეხვედრები ნაცვცლად ევროპისა და დავოსისა, საქართველოს ტერიტორიაზე გაიმართება. „ეს ვფიქრობ, მიუთითებს იმ უდიდეს სიყვარულსა და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ამ ქვეყანას ჩვენი ქვეყნის მიმართ გააჩნია“, - აღნიშნა დეპუტატმა.