საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

აპარატი 08 აპრილი 2015
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ფუნქცია-მოვალეობებსა და საქმიანობის პრინციპებს გაეცნენ პარლამენტის სტაჟიორები და პრაქტიკანტები კაბინეტის უფროსთან, დავით მაღრაძესთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

დავით მაღრაძემ კაბინეტის სტრუქტურასა და ძირითად ამოცანებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი პარლამენტის თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას უზრუნველყოფს, რაც ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, ანალიტიკურ და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას გულისხმობს.

კაბინეტის უფროსმა ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის შესახებაც და ყურადღება თათბირებზე, მოქალაქეთა მიღებებზე, ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, საჭირო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, კაბინეტი აქტიურად, კოორდინირებულად და ნაყოფიერად თანამშრობლობს საგარეო საქმეთა სამინისტოსთან.

დავით მაღრაძე საკანონმდებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეული ტიპის პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციონალური განვითარების გზას ადგას, რასაც მისი მეტი ღიაობა და საჯაროობა მოწმობს.

შეხვედრის ბოლოს კი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების კითხვებს უპასუხა. გიორგი მაღრაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 19 წელია მიმდინარეობს. 2015 წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში არიან განაწილებულნი. სტაჟიორები საპარლამენტო საქამიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი კომიტეტების სხდომებს ესწრებიან და დეპარტამენტების მუშაობის პრინციპებს ეცნობიან.

სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.