საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ჩინეთის პროვინცია ძილინის სამთავრობო პარტიის მდივანს, ბაიენქოლუს შეხვდა

მედია და საზოგადოება 30 ივლისი 2015
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ჩინეთის პროვინცია ძილინის სამთავრობო პარტიის მდივანს, ბაიენქოლუს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე საქართველოში სტუმრად მყოფ ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის მე-18 ცენტრალური კომიტეტის წევრს, პროვინცია ძილინის სამთავრობო პარტიის მდივანს, ბაიენქოლუს და ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობას სამეცნიერო სფეროში, კულტურის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. ითქვა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში მათ ძალიან საინტერესო ახალი ტექნოლოგიები გააჩნიათ, რომელთა გაზიარება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძილინი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში კარგად განვითარებული პროვინციაა, რომელიც მდიდარია მინერალური საბადოებითა და წიაღისეულით, მძლავრი საავტომობილო ინდუსტრიით და განვითარებული სოფლის მეურნეობით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან წინსვლას მოუტანს საქართველოს.

დავით საგანელიძის განცხადებით: „სტუმრები საქართველოში სამ დღეს დარჩებიან. ისინი მოინახულებენ აჭარას, გაეცნობიან მისი განვითარების პერსპექტივებს. ამ სამი დღის განმავლობაში საშუალება გვექნება უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ და კონკრეტული პროექტები განვიხილოთ. ჩვენ ისინი შემოდგომაზეც მოვიწვიეთ სექტემბერში დაგეგმილ კონფერენციაზე „აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელი“. ასევე მოვამზადებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტისთვის“.

დღესვე ჩინელი სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.