
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროგრამების იმპლემენტაციის შესახებ ისაუბრეს. იანოშ ჰერმანის განცხადებით, საუბარი შეეხო ამ პროცესში პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პოლიტიკური პარტიების როლსაც. „ბატონმა დავით საგანელიძემ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, გააგრძელოს ასოცირების პროცესისა და საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
დავით საგანელიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასე აქტიურადაა ჩართული, რომ ჩვენ, რაც შეიძლება, სწრაფად გავიაროთ ეს რთული გზა. საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო საუბარი იყო. ელჩი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ უმრავლესობის პოზიციით დაინტერესდა. ასოცირების ხელშეკრულება სწორედ ის საკითხია, რაზეც პარლამენტში ბევრი სამუშაო გვექნება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.