
პარლამენტის თავმჯდომარის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ასპექტებს და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ გუშინ ხელმოწერილ დოკუმენტზე და წინასაარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს.
„ვარშავის ნატოს სამიტის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას და მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხადაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით - ეკონომიკის აღორძინების და დემოკრატიის განვითარებისთვის.
სიმბოლური იყო რომ ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა და ჩვენ ამ თემებზეც ვისაუბრეთ, საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმიტომ რომ ორივე ქვეყანაში სერიოზული პროცესებია, არჩევნებია. მე მას ამერიკაში ვუსურვე დემოკრატების წარმატება, მან საქართველოში გვისურვა რესპუბლიკელებს წარმატებები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.