საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2015
თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდნენ.

როგორც კომიტეტების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, ელჩმა ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში ინვესტორებისთვის შექმნილ გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მის მიერ გარკვეული პრეტენზიები იყო გამოთქმული სასამართლოსთან დაკავშირებით. „ჩვენ გიუნტერ ბეხლერს ვიცნობთ, როგორც საქართველოს დიდ მეგობარს და გულშემატკივარს და შესაბამისად, მისი განცხადება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გადავწყვიტეთ ელჩთან შეხვედრა, რათა უშუალოდ და პირადად მოგვესმინა მისთვის, რადგან საჯარო განცხადებაში კონკრეტიკაზე საუბარი არ იყო“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

შვეიცარიის ელჩმა შეხვედრაზე უცხოელი ინვესტორების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა უცხოელი ინვესტორებისათვის. „საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ აუცილებელია რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს ბიზნეს სექტორის დაცულობაზე. უცხოელმა ბიზნესმენებმა საქართველოში დაცულად უნდა იგრძნონ თავი“- განაცხადა მან. ელჩმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მოღვაწე უცხოელი ინვესტორების შესახებ, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ აუდიტის სამსახურთან და სასამართლო სისტემასთან. ამ პრობლემების განხილვის მიზნით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის ინიციატივით, გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება შეხვედრა უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის, სადაც განხილული იქნება ყველა ის პრობლემა, რომელიც ინვესტორებს საქართველოში შეექმნათ. თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა პრობლემების შესახებ ფლობს ელჩი ინფორმაციას და ზოგადად, რა პრობლემებზე საუბრობს. „ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მაგალითების განხილვა, რომ შემდეგ საქართველოს პარლამენტმა რეაგირება და კანონში ცვლილებების ინიცირება მოახდინოს,“-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის თქმით, კი აუცილებელია „საქართველომ ინვესტორებთან თანამშრომლობის მიზნით პოზიტიური ნაბიჯები გადადგას და მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათი პრობლემების გადაჭრის სადარაჯოზე ვდგავართ, რადგან ისინი ფაქტობრივად თავიანთ ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან და მათი მხრიდან პოზიტიური მესიჯების გატანა თავიანთ ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით ასევე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.“.

შეხვედრაზე 2015 წლის მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები და „შვეიცარიის განვითარების სააგენტოს“ დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიუნტერ ბეხლერმა აღნიშნა, რომ მომავალ წლებში სააგენტო საქართველოსთვის დახმარებას გაზრდის, რომლის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობის სფეროს მოხმარდება. ამჟამად სააგენტო პროექტებს ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და აჭარის რეგიონეში. ელჩმა ისაუბრა „შვეიცარიის განვითარების სააგენტოს“ სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ აგრარული ინსტიტუტებისათვის სპეციალური საგნის მომზადება იგეგმება, რომლის მიზანი ბიოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შესწავლა იქნება.

შეხვედრაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ ის სოფლის მეურნეობის სფეროში შვეიცარიული განათლების სისტემითაა დაინტერესებული და ისურვებდა, რომ მეტი ინფორმაციის გაცვლა მოხდეს ამ კუთხით. „ბიოლოგიური პროდუქტის წარმოებას რაც შეეხება, ის რა თქმა უნდა უალტერნატივოა და ჩვენ ვმუშაობთ ამ წარმოების განვითარების მიზნით“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.