
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი ლატვიის ელჩს, ელიტა გაველს შეხვდა, სადაც მხარეებმა მაისში, რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესებზე და მოლოდინებზე ისაუბრეს. ლატვია არის ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა, მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი სწორედ რიგაში გაიმართება. „მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ელჩთან. ორი დღის განმავლობაში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვსაუბრობდით საკითხებზე, დეკლარაციის კონკრეტულ პუნქტებზე, საქართველოს ინტერესებზე, სურვილებზე და მოლოდინებზე რიგის სამიტთან დაკავშირებით, ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ ელჩისთვის მომეყოლა იმ თემების შესახებ, რომელიც როგორც მისი ქვეყნის ასევე, ესტონეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე განვიხილეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კომიტეტი რამდენიმე ახალ ფორმატზე ფიქრობს მუშაობის დაწყებას. „რიგის სამიტი ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენთვის, თუმცა, ამის შემდეგ გაცილებით მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მაისის ბოლო-ივნისის შუა რიცხვებში რატიფიკაციები დასრულდება და ორივე - როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) სრულფასოვანი იმპლემენტაცია უნდა დავიწყოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გამოჩნდა შესაძლებლობა საქართველო ჩაერთოს ბალტიისპირეთი-სკანდინავიის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში. „ეს არის ფორმატი რომელიც უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ჩვენი ინტეგრაციის წარმატებისთვის, ამ ფორმატში საქართველო უფრო მეტად უნდა ჩაერთოს და გააქტიურდეს, რაც შეიძლება დიდი დახმარება მივიღოთ ექსპერტული და ადამიანური რესურსებისა და იმ ადამიანებისა, ვინც მათი ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის პრეზიდენტობა ივნისში მთავრდება ჩვენი ურთიერთობა გაცილებით აქტიური სწორედ ამის შემდეგ იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„ლატვიის მთავრობა ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბევრს მუშაობს და მან შეუძლებელი შეძლო. ლატვია ხედავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველომ იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ამის ვალდებულება ჰქონდა. ჩვენ რიგის სამიტისგან ველოდებით ძალიან სრულყოფილ დეკლარაციას და მე გარწმუნებთ, რომ ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ქვეყნები საქართველოს დაეხმარებიან, რომ რიგის სამიტისგან ქვეყანამ კარგი სარგებელი მიიღოს“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა, ელიტა გაველმა.