საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თინათინ ხიდაშელი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს, ანკე ბროკერს-კნოლს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 30 აპრილი 2015
თინათინ ხიდაშელი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს, ანკე ბროკერს-კნოლს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს, ანკე ბროკერს კნოლს შეხვდა.

შეხვედრაზე მოახლოებულ რიგის სამიტზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ანკე ბროკერს-კნოლის განცხადებით, ნიდერლანდების სამეფო აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას და მაღალ შეფასებას აძლევს იმ წარმატებას, რასაც ქვეყანამ დემოკრატიის განვითარების პროცესში მიაღწია. მისივე თქმით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოს არსებობა რეგიონში.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსთვის ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო და მთლიანად, რეგიონი დგას. საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას და ისლამურ სახელმწიფოსაც. „მიმდინარე პროცესები არის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ნიდერლანდებმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა გააცნობიერონ, რომ ისეთი დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიცაა საქართველო და ზოგადად, რეგიონის, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ნიდერლანდების უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რისთვისაც თინათინ ხიდაშელმა ანკე ბროკერს-კნოლს მადლობა გადაუხადა. ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ქვეყანა მომხრეა, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ევროინტეგრაციისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში საქართველოსთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ორი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. ნიდერლანდები საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ყოველთვის იყო და ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა ანკე ბროკერს-კნოლმა.

შეხვედრას, თინათინ ხიდაშელთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები, ლევან ბერძენიშვილი და გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების სამეფოს სენატის (პარლამენტის) პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 29 აპრილს დაიწყო და 1 მაისამდე გაგრძელდება.