
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი დღეს პარლამენტში შეხვდა დამოუკიდებელ მოსწავლეთა და სტუდენტთა გაერთიანების (CSU) გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს.
ზაზა ხუციშვილმა ახალგაზრდებს პარლამენტის, კონკრეტულად კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კანონშემოქმედებითი პროცესი გააცნო.
დეპუტატმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა გარემოსდაცვითი კუთხით საქართველოში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ ვითარებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კომიტეტის საქმიანობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც კომიტეტმა შეიმუშავა გარემოს დაცვის მიზნით. მისი თქმით, წლების წინ, ეკონომიკური პროცესების წახალისებისათვის საკმაოდ დიდი შეცდომები იყო დაშვებული, რამაც მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ გარემოს, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც და ამის გამოსასწორებლად, დღევანდელი პარლამენტის მიერ უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, მიღებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სავალდებულობა და სხვა, უკვე მომზადებულია ტყის ახალი კოდექსი, კანონპროექტები ბიომრავალფეროვნების და ნადირობის შესახებ. ზაზა ხუციშვილის განცხადებით, სერიოზული ცვლილებები შევა ტყითსარგებლობის წესებში. მან ახალგაზრდებს კომიტეტის თავმჯდომარის ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც პრაქტიკაში საკომიტეტო მოკვლევის დანერგვას ეხება და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.
ზაზა ხუციშვილი ახალგაზრდების საქმიანობითაც დაინტერესდა და მათ კითხვებსაც უპასუხა, რომელებიც უკავშირდებოდა როგორც სხვადასხვა კუთხით გარემოს დაცვის საკითხებს, ასევე სუფთა გარემოზე ზრუნვის მიზნით მსოფლიო ინოვაციურ მეთოდებს.
დასასრულ, ზაზა ხუციშვილმა დამოუკიდებელ მოსწავლეთა და სტუდენტთა გაერთიანების წევრებს სწავლასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.